სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…